საზოგადოება
22.06.2022 13:19
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების და კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მოქალაქეთა ინფორმირების კამპანიას - „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, აგრძელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კამპანია ქვეყნის ყველა საარჩევნო ოლქს მოიცავს და ეტაპობრივად განხორციელდება.

კამპანიის ფარგლებში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მართავენ შეხვედრებს და მოსახლეობას არჩევნებისა და საარჩევნო უფლების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, მოქალაქეებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრებიან.

როგორც ცნობილია, მსგავსი შეხვედრები უკუკავშირზეა ორიენტირებული და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, აწარმოებენ მოქალაქეების გამოკითხვას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

ცნობისთვის, ინფორმირების კამპანია საქართველოში 6 ივნისს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.

კვირის ამბები