კულტურა
21.06.2022 13:23
მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლე ხელოვნების ეროვნულ ფესტივალზე ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დიმიტრი ვეშაპური, ხელოვნების მე -14 ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა.

მასშტაბური კულტურული ღონისძიებიდან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობდა, 16 წლის ახალგაზრდა მხატვარი წარმატებული მონაწილის სტატუსით დაბრუნდა. სახელოვნებო ღონისძიების სახელწოდება „მომავლის ვარსკვლავები“ გახლდათ, სადაც დიმიტრი ვეშაპურმა 3 ტილო - 2 პორტრეტი და ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შესრულებული 1 ნამუშევარი წარადგინა.

როგორ „გორის მაცნემ“ ახალგაზრდა მხატვრის დედასთან, ეკატერინე გიორგობიანთან საუბრისას გაარკვია, დიმიტრიმ ხუთი წლის წინ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ხატვა აინტერესებდა და უნდოდა, სამომავალო პროფესიაც ამ მიმართულებასთან დაეკავშირებინა. ხატვის გაკვეთილებზე სიარული 10 წლის ასაკში დაიწყო, ფანქარს და შავ-თეთრ ფერებს თავიდანვე გამორჩეულად დაუმეგობრდა. ჯერ სამხატვრო სკოლის მოსწავლე იყო, შემდეგ კი, უკვე მეორე წელია, ნინო დაღელაშვილის სამხატვრო სტუდია-სახელოსნოში ეუფლება ხატვის ტექნიკასა და ხელოვნების ამ დარგის სიღრმეებს. მომავალში კი სურს, რომ არქიტექტორის პროფესია აირჩიოს.

ახლახანს, დიმიტრი ვეშაპური, ბათუმში გამართულ მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალშიც მონაწილეობდა, სადაც მისი ნამუშევრებიც იყო გამოფენილი.

უნდა აღინიშნოს რომ დიმიტრი ვეშაპირი, კონკურსზე შიდა ქართლიდან ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ.
კვირის ამბები