საზოგადოება
21.06.2022 12:27
აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ.

მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას ხვალიდან შეძლებენ.

ცნობისთვის, ბარათზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

აბიტურიენტებ, ბარათის ამობეჭდვა ვებ.გვერდიდან - online.naec.ge  შეუძლიათ. აპლიკანტი საიტზე გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

კვირის ამბები