ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში საგანმანათლებლო პროექტის - ,,საზაფხულო სკოლა“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 მოზარდი სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობით დაკავდება. ბავშვები გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებში ჩაერთვებიან.
„საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი, დღეს, 20 ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
„შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებისთვის ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ასევე, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. რაც შეეხება პროგრამის მეორე ეტაპს, ივლისში დაიწყება. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოება სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყობს“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, „საზაფხულო სკოლის“ პროექტს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს.