საზოგადოება
20.06.2022 15:33
გორის მერის მრჩეველთა საბჭო მოქალაქეებს მიმართავს

გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართავს. შესაბამის მიმართვას, საბჭო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოგესალმებით და მოგმართავთ მრჩეველთა საბჭოს სახელით:

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რომელთა მოგვარებაც მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის.

მრჩეველთა საბჭო იმსჯელებს თითოეულ თქვენს პრობლემაზე და მაქსიმალურად ვეცდებით მივაწოდოთ რეკომენდაცია მერიას“, - აღნიშნულია გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.

კვირის ამბები