საზოგადოება
20.06.2022 12:17
2022 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი

აბიტურიენტებისათვის, საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 21 ივნისის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ბარათზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

რაც შეეხება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალურ ინსტრუქციას, აბიტურიენტი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

კვირის ამბები