კონფლიქტები
20.06.2022 11:48
18-19 ივნისს, ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუსი

2022 წლის 18-19 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში აღმართეს უკანონო ინსტალაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საკითხი მწვავედ დაისმევა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები