საზოგადოება
17.06.2022 17:10
„მაისის გაზომვის თვე“ - მეჯვრისხევსა და მერეთში ჰიპერტენზიის სკრინინგის საინფორმაციო კამპანია გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, მეჯვრისხევსა და მერეთში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

სპეციალისტებმა ადგილობრივებს ჰიპერტენზიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო მასალები გადასცეს.

აქციის ფარგლებში, აღნიშნულ სოფლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილიც იმყოფებოდნენ.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯგუფი ჩამოვიდა ე.წ. საზღვრის მიმდებარედ არსებულ სოფლებში იმისთის, რომ მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს წნევის გაზომვის პროგრამას. ამ ღონისძების მთავარი არსი ისაა, რომ თითოეულმა ადამიანმა მეტი იცოდეს არტერიული წნევის შესახებ. მოგეხსენებათ, მომატებული არტერიული წნევა გახლავთ სიკვდილიანობის პირველი მიზეზი მთელ მსოფლიოში და მათ შორის - ჩვენთან. მაღალი არტერიული წნევა იწვევს ძალიან მძიმე გართულებებს, ეს არის: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი) და გულის იშემიური დაავადება (ინფარქტი). ამიტომ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, რომ თუ გვაქვს მაღალი წნევისკენ მიდრეკილება, ვაკონტროლოთ ჩვენი წნევა და საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად მივიღოთ წნევის დამწევი საშუალება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამირან გამყრელიძეს კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ წნევა, რადგან ეს ძალზედ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის.

„სოფელ მეჯვრისხევში გაიმართა აქცია წნევის კონტროლთან დაკავშირებით.  მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომ პირადად ჩამოვიდა და შეხვდა მოსახლეობას, ჩვენ კი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დავესწარით ამ ღონისძიებას. მოსახლეობასთან ერთად, პირადად მეც გავიზომე წნევა. მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა აკონტრროლონ წნევა, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აქციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გარკვეული რაოდენობით წამლები და წნევის აპარატები ჩამოიტანეს იმისთვის, რომ მომარაგებული იყოს სამედიცინო პერსონალი, ასევე მოისმინეს მათი პრობლემებისა და სურვილების შესახებ. „ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, სამინისტროში ჩავიტანთ და ვეცდებით, რომ მეტად მივეხმაროთ პირველადი ჯანდაცვის სექტორს, იმიტომ, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარერბას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

„მაისის გაზომვის თვე - MMM”- ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას საქართველო წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა.

კვირის ამბები