საზოგადოება
17.06.2022 14:40
უკრაინას და მოლდოვას მიეცეს ევროპერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მიღებამდე

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ევროკომისიის გადაწყვეტილება. როგორც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკომისია ევროსაბჭოს რეკომენდაციას აძლევს, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოს საკითხის განხილვას კი კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

„ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა ევროპული საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს, კანდიდატის სტატუსიც, მაგრამ ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები. უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ მოლდოვას შემთხვევაშიც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

საქართველოც იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია, მისი განაცხადი ძლიერია, მაგრამ ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, შემდგომში დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს”, - განაცხადა  ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კვირის ამბები