კულტურა
17.06.2022 13:36
„დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ - გორის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ნამუშევრის პირველი პრემიერისთვის ემზადებიან
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თანამედროვე სპარსი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესაზე მუშაობენ.
როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ეს იქნება გორის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პირველი ნამუშევარი გ. ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე.
ერთმოქმედებიანი დრამა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ სპეციალურად შეარჩია საგასტროლო ჩვენებისთვის მალტის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „EUROART 2022“-ზე წარსადგენად, სადაც გაიმართება კიდეც სპექტაკლის პრემიერა.
საქართველოში დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი კი, შემდეგ ჩვენებებს რუსთაველის თეატრსა და ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გეგმავს. რის შემდეგაც, „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ წარმოდგენილი იქნება გორის თეატრის სცენაზე ადგილობრივი მაყურებლისთვის.
რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, პიესა - „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე და გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს.
კვირის ამბები