2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, ორშაბათს, 20 ივნისს დაიწყება. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც უკვე არის კონკრეტული ბაღის აღსაზრდელი.
მეორე ეტაპის რეგისტრაცია კი 25 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 05 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი.
„შეგახსენებთ, რომ დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ 2 წელი. ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www. gorikids. ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან. ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.
მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 06 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, მითიტებულ ვადებში უნდა წარადგინოთ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში კი, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელ.მისამართზე, „რეგისტრაციის გადამოწმების“ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით.
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს კი, 25 ივნისიდან 05 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ შესაბამისი განცხადება დაწერონ სააგენტოში (სტალინის გამზ.16) და წარადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები.