საზოგადოება
16.06.2022 15:59
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებთან შეხვედრას მართავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ,,გორმედის“ ქსელის პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის ტრენინგს მართავენ, რომელიც COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში პაქსლოვიდის - ნირმატრელვირ/რიტონავირის გამოყენებას და ასევე მკურნალობის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ქსელი ავრცელებს.  

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას, რომელსაც ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა მასპინძლობს, ასევე ესწრებიან ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორი ხათუნა შრუბი, თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია მღებრიშვილი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე და ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის განცხადებით, ჯანმო მყარ რეკომენდაციას უწევს პაქსლოვიდის გამოყენებას COVID-19-ის დიაგნოზის მქონე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არაჰოსპიტალიზებულ მოზრდილებში, რომლებიც იმყოფებიან ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის 29 მარტის ბრძანების თანახმად, COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ნირმატრელვირ/რიტონავირის (პაქსლოვიდის) გამოყენება დამტკიცდა.

ანტივირუსულ მედიკამენტ პაქსლოვიდს აქვს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების (FDA, EMA, ჯანმო, NIH, IDSA და სხვ.) რეკომენდაცია.

არაერთი კვლევის თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში პაქსლოვიდი მნიშვნელოვნად - 89%-ით ამცირებს დაავადების დამძიმების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკებს.

ანტივირუსული მედიკამენტი არა ინტრავენური გადასხმით, არამედ ტაბლეტირებული ფორმით მიიღება.

კვირის ამბები