შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ხ.მ. დააკავეს. დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედება.
სამართალდამცველებმა, ხ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 19-229-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორის გარდა, ანალოგიური ბრალდებით, თბილისში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში კიდევ 6 პირი დააკავეს.