გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. სააგენტოს გასული წლის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს, იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობა 89,3 მილიონი იყო, მიმდინარე წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ყველაზე სწრაფი და ერთ-ერთი უდიდესი იძულებით გადაადგილების კრიზისი გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
UNHCR-ის ცნობით, აღნიშნული მონაცემები, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გარდა, აფრიკაში, ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში არსებულმა საგანგებო შემთხვევებმაც გამოიწვია.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, რუსული აგრესიის გამო, დაახლოებით 7,1 მილიონი უკრაინელი არის იძულებით გადაადგილებული ქვეყნის შიგნით, ხოლო ექვს მილიონზე მეტმა ლტოლვილმა ქვეყანა სრულად დატოვა.