საზოგადოება
16.06.2022 11:15
მტკვარზე გადასასვლელი ძველი ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბერში დასრულდება
გორში, მტკვარზე გადასასვლელი ძველი ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ
ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, პროექტირების პროცესში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. რეაბილიტაციის შემდეგ, ნაგებობას მაქსიმალურად შეუნარჩუნდება პირვანდელი ისტორიული სახე.
„ძველი ხიდი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში, ევროკავშირისგან მოპოვებული გრატით ხორციელდება. პროექტის მიზანს, ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 958 836,3 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი358836,36 ევროს შეადგენს. პროექტი 2022 წლის 31 დეკემბერს სრულდება“, - აცხადებენ მერიაში.

გორის ძველი ხიდი 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის.
ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს.
კვირის ამბები