საზოგადოება
27.12.2019 17:49
სოფელ ორმოცის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ხანძრის კერებთან, 300 მეხანძრე-მაშველი, ოთხი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც. პროცესში, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც, ჯამში, 97 გაფრენა განახორციელეს. ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი კი, დრონის საშუალებით ხორციელდებოდა. სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკაც.

ოთხი დღის განმავლობაში, ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. შტაბის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში - გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ხეობაში მონიტორინგის მიზნით კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

კვირის ამბები