საკმაოდ შეზღუდული უნდა იყოს იმ ნივთების სია, რასაც აბიტურიენტი წაიღებს საგამოცდო ცენტრში, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებს შესაბამისი კალამი დახვდებათ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია საკუთარი კალამით მივიდეს გამოცდაზე.
„შეგიძლიათ, წამოიღოთ წყალი პლასტმასის ბოთლით. ასევე კალამი, თუ ამის სურვილი გაქვთ, მაგრამ კალამს ჩვენ დავახვედრებთ თუ არ მოიტანს აბიტურიენტი. ასევე, პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანაც შეუძლიათ. დანარჩენი ყველაფერი უნდა დატოვონ სპეციალურ სივრცეში, სადაც ნივთები ბარდება. სჯობს, ბევრი ნივთი არ ჰქონდეთ, რომ ამან ბევრი დრო არ წაიღოს და ასევე, დიდი ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ რაიმე არ შეყვეთ აუდიტორიაში, მაგალითად ფურცელი, ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს. ტელეფონი, რა თმა უნდა, არ შეიძლება, ასევე, საათი. ბუნებრივია, ჩვენი წარმომადგენლები შესვლამდეც გააფრთხილებენ აბიტურიენტს, ხომ არ აქვთ რაიმე ნივთი, რადგან, თუ ტესტირების მიმდინარეობისას აღმოჩნდა ასეთი მასალა, სამწუხაროდ, აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან. რაც შეეხება გამონაკლის შემთხვევას, თუ რომელიმე აბიტურიენტს ესაჭიროება მედიკამენტი, მისი შეტანა შეუძლია“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და გორში, საგამოცდო ცენტრი, წინა წლების მსგავსად, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იფუნქციონირებს.