სპორტი
15.06.2022 12:45
გორელების ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და გორის „გორი“ კვლავ ლიდერის პოზიციაზე

ლიგა 3-ის მორიგ ტურში, გორელები „ირაოს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გუშინ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და გორელების გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 64-ე წუთზე, გიორგი ალიმბარაშვილის გოლით შეძლეს. 86-ე წუთზე, გორელების კარში დანიშნული პენალტი სწორად გამოიყენა „ირაოს“ ფეხბურთელმა გიორგი მაღალდაძემ და ანგარიშიც გათანაბრდა. თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ორ წუთში, გიორგი ცეცხლაძის გოლით დაიბრუნეს. საბოლოოდ კი, დამატებით დროში, ასევე ცეცხლაძის დუბლით 3:1 დაფიქსირდა.

ლიგა 3-ის მეთერთმეტე ტურის შედეგების მიხედვით, „გორს“ 23 ქულა აქვს და ცხრილის ლიდერია. რაც შეეხება მომდევნო დაპირისპირებას, ჩვენი ქალაქის გუნდი მეთორმეტე ტურის შეხვედრას თბილისის „საბურთალო 2“-ის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 19 ივნისს, „ქართლის“ სტადიონზე, 17:30 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები