საზოგადოება
14.06.2022 16:55
რა გავლენა მოახდინა ხანგრძლივმა წვიმებმა მეფუტკრეობის დარგზე და როდის იწყება გორის მუნიციპალიტეტში მაისის თაფლის ამოღება

ფუტკრის მოვლა-მოშენებას გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად არაერთი ოჯახი ეწევა, თუმცა, მეფუტკრეობა საკმაოდ შრომატევადი დარგია და ამასთანავე, მოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამინდზე.

როგორც მეფუტკრეები ამბობენ, გახანგრძლივებულმა ზამთარმა და გაზაფხულის ხანგრძლივმა წვიმებმა მაისის თაფლის ამოღება გარკვეული ვადით დააგვიანა, თუმცა, წელს, გორის მუნიციპალიტეტში, თაფლის ურიგო მოსავალს არ ელიან.

როგორც GMnews-ს საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის წევრმა, კოოპერატივ ,,ტირიფონა-2014“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო ხუროშვილმა განუცხადა, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეფუტკრეები თაფლის ამოღებას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ.

,,სოფლის მეურნეობის ეს დარგი და შესაბამისად, ფუტკრის პროდუქტები, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ამინდზე, ასევე სხვა ფაქტორებზე. წლევანდელმა გახანგრძლივებულმა ზამთარმა და გაზაფხულის წვიმებმა მცირე ხნით გადაავადა თაფლის ამოღება, თუმცა, ვადებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მაგალითად, უფრო თბილი გაზაფხულის პირობებში, გორის მუნიციპალიტეტში თაფლის მოსავლის მიღება ხდება 10 ივნისამდე, ამჟამად კი, თაფლი ამოღებული ჯერ არ არის და დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყებთ ამ პროცესს. აქვე უნდა აღინიშნოს ხანგრძლივი წვიმების პოზიტიური შედეგიც - ამდენი ბალახი და ყვავილი დიდი ხანია არ ყოფილა, შესაბამისად, ფუტკარს საშუალება ეძლევა, უკეთ იმუშაოს, რაც თაფლის მოსავალზე აისახება. მოკლედ, გორელი მეფუტკრეები წელს ცუდ მოსავალს არ ველით, შარშანდელზე უკეთესი წელია. რაც შეეხება ფუტკრის სხვდასხვა დაავადებას, ჯერჯერობით არც მსგავსი დაფიქსირებულა“, - განაცხადა სოსო ხუროშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობას არაერთი ოჯახი მისდევს, თუმცა, რაც შეეხება მსხვილ მეფუტკრეებს, 25-მდეა (მსხვილ მეფუტკრედ მიიჩნევა მეფუტკრე, გაერთიანება ან კოოპერატივი, რომელსაც მინიმუმ 50 ძირი ფუტკარი ჰყავს).

მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლითაც კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო და შეუცვლელი პროდუქტების - თაფლის, ცვილის, ფუტკრის რძის, დინდგელის, ჭეოსა და შხამის მიღებაა შესაძლებელი.

კვირის ამბები