საზოგადოება
14.06.2022 14:03
გორის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტის მერიას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6 თვიან კამპანიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „Helping Hand“ პარტნიორობით განხორციელდა.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს მუნიციპალიტეტების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და იუნისეფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროგრამაში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის 150 ახალგაზრდასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 34 ახალგაზრდა მოხალისე მონაწილეობდა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6 თვიანი კამპანია ტრენინგებით, ვებინარებით და მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოხალისეებმა დააფუძნეს ჰიგიენის კლუბები და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
მოხალისეებმა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში, რომლებიც ჩაატარეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ფსიქოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ექსპერტებმა. სესიების გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეპოვებინათ მიკრო გრანტები, რომლის ფარგლებშიც განახორციელეს მცირე, ლოკალური პროექტები“, - აცხადებენ გორის მერიაში.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით, სადაც მოზარდებმა მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოხალისეები და ჰიგიენის კლუბები.
 
 
 
კვირის ამბები