საზოგადოება
14.06.2022 11:36
8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გორში საზაფხულო სკოლა იხსნება
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ იხსნება.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. პროექტის ორგანიზატორების თქმით, საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება. მეცადინეობები იწარმოებს კვირაში 4 დღე (ორშაბათი- ხუთშაბათი), 10:00-დან 12 საათამდე. საზაფხულო სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდება 25 ბავშვით.

რაც შეეხება რეგისტრაციას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის 20) 16 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.
„პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას“, - აღნიშნავენ პროექტის ინიციატორები.
საზაფხულო სკოლის პროექტს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.
კვირის ამბები