გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ სტაციონარში ორი დღის წინ მოთავსებულმა 7 წლის ზლატა კორნიენკომ, კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ „იავნანაში“ განუცხადეს.
ზლატა კორნიენკო „იავნანაში“ 11 ივნისს შეიყვანეს. კლინიკაში მოთავსებისას გოგონას აღენიშნებოდა ჰიპერთერმია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ბავშვის მშობლების ინფორმაციით, მგზავრობისას ადგილი ჰქონდა კვების რეჟიმის დარღვევას, ამასთანავე, სავარაუდოდ, საკვებისმიერ ინტოქსიკაციას.
ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის შედეგად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. ექიმების გადაწყვეტილებით, 7 წლის ზლატამ სტაციონარი დატოვა.
მარიუპოლელი გოგონა, მშობლებთან ერთად, უკრაინიდან საქართველოში ავტომობილით ჩამოვიდა. შეუძლოდ მგზავრობისას გახდა და ბათუმისკენ მიმავალმა მშობლებმა, სამედიცინო დახმარებისთვის, გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრს მიმართეს.
(არასრულწლოვნის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ქვეყნდება მშობლების თანხმობით).