ხვალ, 14 ივნისს, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ დღის აღნიშვნის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და შშმ პირების რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
„14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. თარიღთან დაკავშირებით, გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი მართავს კონცერტს შშმ პირთა მონაწილეობით, ასევე გაიმართება მეგობრული მატჩი პარაოლიმპიურ სპორტ „ბოჩაში“ და მკალავჭიდში. კონცერტამდე კი, მოეწყობა ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა.
ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან, გორის, ქარელის და ხაშურის ცენტრების ბენეფიციარები. აქტივობაზე თითოეული მოქალაქის დასწრება მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ქმედებებით გამოიხატება მოსახლეობის სოლიდარობა შშმ პირების მიმართ, რაც გარკვეულწილად არის კიდეც აღნიშნული დღის მიზანი“, - აცხადებენ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში.
ღონისძიებას გორის კულტურის ცენტრი (მის: მშვიდობის N 12ა) უმასპინძლებს, დასწრება თავისუფალია.