27.12.2019 16:30
საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა შეემატა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გერმანიაში შეძენილი30 ერთეული თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სახანძრო ავტომობილი შემოიყვანა.
სპეცდანიშნულების ტექნიკა უკვე საქართველოშია, აღნიშნული მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე კი, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში GMnews-ს განუცხადეს, სამსახურს აღებული აქვს კურსი, რომ მოძველებული, რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით ჩაანაცვლოს. „30 ერთეული სახანძრო ტექნიკა საქართველოში დღეს შემოვიდა, ამასთან, ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია და მათ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს. „მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა და მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო“, - აღნიშნეს GMnews-სთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სახანძრო მანქანები აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ამასთან, სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.