საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლისას შეღავათით აღარ სარგებლობენ და გამოცდის საფასურის სრული ოდენობის გადახდა უწევთ, - ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სტუდენტებისთვის შეღავათი 25 აპრილიდან გაუქმდა.
ცნობისთვის, 25 აპრილამდე მოქმედი დადგენილებით, სტუდენტი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე სტუდენტის ID ბარათს წარადგენდა, 55 ლარის ნაცვლად, გამოცდაზე გასასვლელად 15 ლარს იხდიდა. თუმცა, ეს ფასდაკლება ერთჯერადი სახის იყო, შესაბამისად, თუ სტუდენტი გამოცდაზე გასვლისას პირველ ჯერზე ჩაიჭრებოდა, შემდეგ მცდელობაზე, სრული თანხის, 55 ლარის გადახდა უწევდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით ამჟამად მხოლოდ სოციალურად დაუცველის სატატუსის მქონე პირები და არასრულწლოვნები სარგებლობენ.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილიდან, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი გახდა და რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა. რაც შეეხება საფასურს, გამოცდაზე რეგისტრაციის ჯამური თანხა 130 ლარი იქნება, საიდანაც 40 ლარი - თეორიის და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების ღირებულებაა, 90 ლარი კი - რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარების.