გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას” სტაციონარში 7 წლის ზლატა კორნიენკო მოათავსეს, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდანაა. მშობლების ინფორმაციით, გოგონა შეუძლოდ მაშინ გახდა, როცა ოჯახი საქართველოში მოემგზავრებოდა. გოგონას დედის თქმით, მგზავრობისას ბავშვს 40 გრადუსამდე ტემპერატურაც ჰქონდა, სტეფანწმინდაში კი სხვა სიმპტომებიც დაემატა და კიდევ უფრო შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ბათუმისკენ მიმავალმა ოჯახმა გორის ბავშვთა კლინიკას მიმართა.
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ ექიმის, ლია გოჩაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
,,იავნანაში" შემოყვანისას, პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპერთერმია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ბავშვის მშობლების ინფორმაციით, მგზავრობისას ადგილი ჰქონდა კვების რეჟიმის დარღვევას, ამასთანავე, არ გამორიცხავენ საკვებისმიერ ინტოქსიკაციას. კლინიკაში გოგონას ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მოთავსდა სტაციონარში, ამჟამად უტარდება ინფუზური თერაპია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. ბავშვი, დედის თანხლებით, მოთავსებულია ინდივიდუალურ პალატაში, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამკურნალო საშუალებით და კვებით“, - განაცხადა ლია გოჩაშვილმა.
ზლატას გამოჯანმრთელების შემდეგ, კორნიენკოს ოჯახი გორიდან ბათუმში გამგზავრებას და საქართველოში დასახლებას გეგმავს.
(ფოტო და ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ქვეყნდება გოგონას მშობლების თანხმობით).