ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 91 მოქალაქეს, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და პროექტის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მონაწილეები, საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის, საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე ირჩევენ.
„მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება. საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას ჩვენი უწყება წელიწადში ორჯერ აცხადებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.