საზოგადოება
10.06.2022 12:33
სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს უსასყიდლოდ მიიღებენ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
„ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა.

მედიკამენტს, დაავადების სირთულის მიუხედავად, ყველა პაციენტი მიიღებს და ბენეფიციართა დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.

ნერვ-კუნთოვანი დაავადებები წარმოადგენს ჩონჩხის კუნთებისა და კიდურებში არსებული ნერვების (მოტორული, სენსორული) დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც პირველადი პათოლოგიური პროცესი აღინიშნება უშუალოდ კუნთში, ან ნერვში.
კვირის ამბები