სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ პოლიკლინიკური დეპარტამენტის ოჯახის ექიმის, თერაპევტ ნინო ეძგვერაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალზე ინტენსიური გახდა არტერიული ჰიპერტენზიით მიმართვის შემთხვევები და ხშირად, ამბულატორიული მკურნალობა არასაკმარისია, ამიტომ პაციენტების სტაციონარში მოთავსება ხდება.
,,არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევებმა გაზაფხულთან და ამინდის ცვალებადობასთან დაკავშირებით ძალზე იმატა. ამ მხრივ, საკმაოდ მაღალია მომართვიანობა და არცთუ იშვიათად, საჭირო ხდება სტაციონარული მკურნალობაც. არტერიული ჰიპერტენზია, ძირითადად, გამოხატულია მაღალი წნევით, გულის არეში ტკივილით, ამასთანავე, არაერთი პაციენტი მოგვმართავს პოსტკოვიდური სიმპტომებით, ამას ერთვის მაღალი წნევაც და პაციენტებში საერთო მდგომარეობა რთულდება. ამგვარი ჩივილები, ძირითადად ფიქსირდება 30 წლის ასაკის და მეტი ასაკის პირებში. როდესაც პაციენტები მოგვმართავენ არტერიული ჰიპერტენზიის ჩვენებით, მათგან თითქმის 80%-ს გადატანილი აქვს კორონავირუსიული ინფექცია.
რაც შეეხება მკურნალობას, ტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და ამ კვლევების შედების მიხედვით ინიშნება მკურნალობის კურსი”, - განაცხადა ნინო ეძგვერაძემ.
როგორც ,,გორის მაცნესთან“ ნინო ეძგვერაძემ აღნიშნა, არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება გამომჟღავნდეს როგორც პირველადი დაავადება და როგორც სხვა დაავადების სიმპტომი. პირველ შემთხვევაში მას უწოდებენ ესენციურ ჰიპერტენზიას, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმპტომურ ჰიპერტენზიას. ორივე ფორმა ერთნაირად საყურადღებოა გართულებების განვითარების თვალსაზრისით.
სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მკვეთრი მატება ივწვევს ჰიპერტენზიულ კრიზს, რასაც თან ახლავს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა. ამ სიმპტომების და მდგომარეობის მიმართ უყურადღებობის შემთხვევაში კი, მძიმდება არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობა.