საზოგადოება
08.06.2022 14:30
უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გორში დილიდან მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული უხვი ნალექის და სეტყვის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიისგან გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებელ სამუშაოებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები არიან ჩართულები.

„სააგენტოს თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს - გაიწმინდა სანიაღვრე არხები, ტროტუარები, სკვერები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ამასთან, ჩამოტეხილი ტოტებისგან გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი. ახლო მომავალში, ქალაქის რამდენიმე სკვერში იგეგმება სეტყვისგან დაზიანებული ყვავილების ამოცვლა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს მოსული ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზოები. ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა კომბინატის დასახლებაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ. მობილიზებული იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

კვირის ამბები