საზოგადოება
08.06.2022 13:48
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს კოვიდრეგულაციების გარეშე ჩატარდება, რა შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი გამოცდა

გასული ორი წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ეროვნულ გამოცდებზე კოვიდრეგულაციები თითქმის გაუქმებულია. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, იმ აბიტურენტებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების დღეს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის დამატებითი სესია ჩატარდება. მისივე განმარტებით, დამატებითი გამოცდა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ  აბიტურენტს უშუალოდ გამოცდის დღეს დაუდასტურდება ვირუსული ინფექცია და არა წინა დღეებში.

„უკვე ცნობილია, რომ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის დროს, აბიტურიენტებს არ ექნებათ პირბადის ტარების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აპლიკანტს შეეძლება, რომ სურვილის შემთხვევაში, იქონიოს პირბადე, რომელსაც საგამოცდო ოთახში შეიტანს წყალთან და კალამთან ერთად. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირბადის ტარების აუცილებლობა არ დგას. რაც შეეხება დამატებითი სესიის დანიშვნას, დამატებითი გამოცდა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ  აბიტურენტს უშუალოდ გამოცდის დღეს დაუდასტურდება ვირუსული ინფექცია და არა წინა დღეებში“, - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

შეგახსენებთ, 2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, გორში საგამოცდო ცენტრი მესამე საჯარო სკოლის შენობაში იქნება განთავსებული.

 

კვირის ამბები