საზოგადოება
27.12.2019 13:34
მოქალაქეები, რომლებიც რელიგიური შეხედულების გამო ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარს ამბობენ, ე.წ. უჩიპო დოკუმენტით ისარგებლებენ

მოქალაქეები, რომლებიც რელიგიური შეხედულების გამო, ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღებაზე უარს აცხადებენ, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ელექტრონული მატარებლის, ანუ ,,ჩიპის“ გარეშე პირადობის მოწმობის აღებას შეძლებენ.

ამ რეგულაციის ამოქმედების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ რამდენიმე მოქალაქის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

„საკონსტიტუციო სასამართლომ №1404 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასთან და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით,“ - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობითვე, სარჩელი ეხება მოქალაქეებს, ვინც რელიგიური შეხედულების გამო თვლის, რომ ელექტრონული მატარებლის (,,ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას და უარს აცხადებენ ე.წ. ჩიპიანი დოკუმენტების აღებაზე, შესაბამისად, აღნიშნულ მოქალაეებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, დასაქმების, განათლების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ა.შ. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მოქალაქეები შეძლებენ ე.წ. ,,ჩიპის“ გარეშე პირადობის დამადასტურებელი საბუთით სარგებლობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გორის იუსტიციის სახლში GMnews-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში ელიან.

კვირის ამბები