გორში, რამდენიმე უბანში, ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, სხვადასხვა პრობლემულ ლოკაციზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკა ღვინიაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს. დასტაბილურდა ვითარება გორი-ტინისხიდის საგზაო მონაკვეთზეც, სადაც, წყალმოვარდნის გამო, დღეს საღამოს მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო და ერთ-ერთი ავტომობილი და მისი მძღოლი, რომელიც წყალში ჩარჩა, მხოლოდ შსს-ს შესაბამისი დანაყოფების დახმარებით გამოიყვანეს.
პრობლემურ მონაკვეთებზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები.
ინტენსიური წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გორიდან 70-მდე შეტყობინება შევიდა.