საზოგადოება
07.06.2022 23:31
ინტენსიური წვიმის გამო, გორში, რამდენიმე უბანში შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - სიმონ გულედანი

ინტენსიური წვიმის გამო, გორში, რამდენიმე უბანში შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, სხვადასხვა პრობლემურ ლოკაციზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, გორის გარდა, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ძლიერ წვიმას ანალოგიური პრობლემები არ შეუქმნია.

,,ინტენსიურმა წვიმამ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტი. ძირითადად, პრობლემები შეიქმნა გორის რამდენიმე უბანში. ინტენსიური წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ასევე ეზოები. ამ დროისთვის ყველაზე საყურადღებო ვითარებაა გორში, კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი დაიტბორა. აღნიშნულ ლოკაციაზე ერთ-ერთმა ავტომობილმა გამოსვლა ვეღარ შეძლო და მძღოლი და სატრანსპორტო საშუალებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყვანეს. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება სეტყვით მიყენებულ ზიანს, ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით, სოფლებიდან შეტყობინება არ გვაქვს, მთლიანობაში კი, ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გორის მუნიციპალიტეტიდან 70-მდე შეტყობინება შევიდა“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები