ოკუპირებულ ცხინვალში ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი 7 მოქალაქის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ინტენსიური დისკუსია, ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით 107-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მეორე და ასევე მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით - უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტაზე თანხმობა არ არის.
,,დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რაც შეეხება კონსენსუსს, ამაზე საუბარი ჩვენ შეგვეძლება მაშინ, როდესაც მათ გადმოვიყვანთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე, როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებში, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა ჩვენი თანამემამულეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. რაც შეეხება კონკრეტულად, ამჟამად, უკანონო პატიმრობაში მყოფ 7 მოქალაქეს, გაიმართა ინტენსიური დისკუსია, ინდიკატორებზე არ მინდა ჯერჯერობით საუბარი, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტენსიური მხარდაჭერით, ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება. შედგა გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჩვენ კონტაქტზე ვართ უკანონოდ დაკავებულთა ოჯახების წევრებთან და რა თქმა უნდა, მათ გავუზიარებთ ამ ინფორმაციას“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფება ამ საკითხზე იყო, არის და იქნება შეურიგებელი.
,,რაც შეეხება დღის წესრიგის მეორე და ასევე ძალიან მტკივნეულ საკითხს, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რომელმაც მოიცვა შიდა ქართლის პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის პრინციპული, ეს დაფიქსირებულა არაერთხელ ფორმატში გამართულ შეხვედრამდე და ეს დაფიქსირდა დღესაც.
როდესაც საოკუპაციო ძალები მიმართავენ ამ ხერხს - უკანონო ბორდერიზაციას, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: პირველ რიგში, ეს წარმოშობს დაუცველობის განცდას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის, ეს ატარებს კამპანიურ ხასიათს და განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში და ადგილი აქვს როგორც უკვე დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერების განახლებას, ასევე ახალი ინსტალაციების დამონტაჟებას. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია, ამაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერა და ცენტრალური ხელისუფება ამ საკითხზე იყო, არის და იქნება შეურიგებელი. სამწუხაროდ, ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყვეტაზე თანხმობა არ არის.
რაც შეეხება ახლგორის გზას, აღნიშნული ე.წ. გადასასვლელების გახსნის საკითხი, რა თქმა უნდა, დადგა დღის წესრიგში, თანხმობა ამ ეტაპზე მიღებული არ არის, მაგრამ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება 3 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ“, - განაცხადა ანთაძემ.