საზოგადოება „ბილიკი“ გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მორიგ პროექტს ახორციელებს, რომლის ბენეფიციარებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში მცხოვრებ 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები არიან.
პროექტი მოიცავს იდეების კონკურსს და ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და ადვოკატირებაზე.
როგორც „ბილიკში“ აცხადებენ, დასკვნით ეტაპზე, ახალგაზრდების მიერ წარდგენილი გამარჯვებული საპროექტო იდეების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართება იდეათონის ღონისძიება, რომელშიც, პროექტის ბენეფიციარებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ გორის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, პროექტი „იდეა აქციე საქმედ“ მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას და ადგილობრივი თემის ცხოვრებაში მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.