გორის იასამნისფერჭიქურიანი კერამიკის ისტორიის გაცნობა დაინტერესებულ პირებს, თიხის ოსტატის სახლის სარდაფში მოწყობილ მუზეუმში უკვე შეუძლიათ. გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.
,,მიხარია, რომ ქალაქს, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატა. ტატულაშვილების სახელოსნო ბევრისთვის კარგად ნაცნობია, აქამდეც არ აკლდა დამთვალიერებელი და სტუმრები, თუმცა, დღეიდან, ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს დაწესებულება უკვე მუზეუმის სტატუსით უმასპინძლებს. ვამაყობ, რომ გორში გიორგი ტატულაშვილის დონის შემოქმედი გყვავს და ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი სახის ინიციატივებს“- აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, გორის კერამიკული ნაწარმი განსაკუთრებით ცნობილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. შუაგულ ქართლში მზადდებოდა როგორც ყვითელ, ასევე, მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატული თიხის ჭურჭელი და ორნამენტული ფიგურები.თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი კი, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია რომელიც წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას აგრძელებს.