გორის კულტურისა და დასვენების პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის პარკი დაიკეტა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი ახალბაღის სრულ რეაბილიტაციას და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას ითვალისწინებს, მათ შორის, შესასვლელი კოლონადის რეაბილიტაციას, შადრევნების, გარე ღობის, ადმინისტრაციული და სასაწყობე შენობის, პავილიონების, საპირფარეშოს ნაგებობის რეაბილიტაციას, ამასთანავე, მიმდინარეობს საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების, დასასვენებელი ბაქნებისა და მათზე მდგომი ფანჩატურების მოწყობა. გათვალისწინებულია ხელოვნურ ტბაზე არსებული ნაგებობების, ტბის მკვებავი არხისა და ნაპირსამაგრი ფილების რეაბილიტაცია, არსებული სპორტულ-სატრენაჟორო მოედნის რეაბილიტაციას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობა.
პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიიის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობაც - ელექტრო სისტემა, სანიაღვრე სისტემა და წყალკანალიზაცია, ასევე გარე განათება, საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსება.
დასრულების სტადიაშია სკეიტბორდის მოედანი, რომელიც გორელი მოზარდებისა და ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი სურვილი იყო.
სამუშაოებს შპს ,,ავარდი" ახორციელებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 31 აგვისტო, თუმცა, როგორც ,,გორის მაცნეს" კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, სავარაუდოდ, სამუშაოების ვადა გახანგრძლივდება.