საზოგადოება
02.06.2022 15:14
როდიდან უნდა წარადგინონ სკოლაში საბუთები პირველკლასელთა მშობლებმა
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე - registration.emis.ge, 2022-2023 სასწავლო წლისთვის მოსწავლის დარეგისტრირება 15 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი. 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით კი, მოსწავლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

გორში, ქალაქის მასშტაბით, სასურველის სკოლის არჩევა მშობლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე საჯარო სკოლაა, სადაც ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეივსო. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ არის. 

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტების ჩამონათვალი ამგვარია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ. თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ან გექნებათ სხვა მიზეზი, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრს და შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.
კვირის ამბები