საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსის განსაზღვრის წესში ცვლილებას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:
რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
როგორც ცნობილია, შესაბამისი ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსშიც, რომლის თანახმადაც, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე - მარტოხელა მამაზეც. კერძოდ, მოქმედი ნორმით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. სწორედ, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ მარტოხელა მამის სტატუსის მიმღები პირებიც.
კანონის მოქმედი რედაქციით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მარტოხელა მამა კი, არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.