პროკურატურამ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შიდა ქართლში დაკავებულ შუახნის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.