საზოგადოება
26.12.2019 15:37
ყველა ერთად პატარების საახალწლო განწყობისთვის - „იავნანამ“ და „ნაბიჯებმა“ საახალწლო მიღება გამართეს

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანასა“ და სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯების“  ერთობლივი ორგანიზებით და ბავშვთა გასართობ ცენტრ „ქიდსლენდის“ პარტნიორობით, ტრადიციული საახალწლო მიღება გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას 150-მდე ბავშვი იღებდა. ზეიმის მონაწილეებს შორის, „ნაბიჯების“ ბენეფიციარები, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ მოზარდები და  „იავნანას“ ის პაციენტები იყვნენ, რომლებიც ამ დღეს კლინიკის სტაციონარში შეხვდნენ ან ამბულატორიულ გადასინჯვაზე იმყოფებოდნენ.

„რამდენიმე წელია, 25 დეკემბერს, „იავნანა“ და „ნაბიჯები“ დიდი სიხარულით და ბევრი დაგეგმილი სიუპრიზით ემზადება ჩვენს პატარებთან შესახვედრად. ახლაც ასე იყო. შეხვედრის დღე და  ადგილი წელსაც უცვლელი იყო - „იავნანა“. რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, მთავარი ორგანიზატორი დედათა და ბავშვგთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ დირექტორი ვასილ ჭეიშვილი გახლდათ. ნაბიჯების აღსაზრდელებთან ერთად, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის შშმ აღსაზრდელებიც მოვიწვიეთ. მოგვიანებით კი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ და შეკრებილებს ყველამ ერთად მივულოცეთ დამდეგი ახალი წელი და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით“, - აღნიშნა GMnews-თან პროექტ  „ნაბიჯების“ ხელმძღვანელმა თემურ ჩლაიძემ.

კვირის ამბები