საზოგადოება
02.06.2022 11:39
2 ივნისი მდინარე მტკვრის დაცვის დღეა

დღეს, 2 ივნისს, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აღნიშნავენ, თარიღი კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. როგორც ცნობილია, საანალიზე მასალაში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზევე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს წელიწადში ერთხელ 19 წერტილში, ყოველ თვეში ერთხელ კი - 33 წერტილში ახორციელებს. აღნიშნული კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს, აუზის საერთო ფართობი კი 188 000 კვადრატული კილომეტრია.

კვირის ამბები