საზოგადოება
02.06.2022 10:51
ტირძნისი - დიცის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტში, ტირძნისი-დიცის საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარამდეა.

„შიდასახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გზის ძირითადი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის გზასთან, სოფელ ტირძნისიდან იწყება და აკავშირებს სოფელ დიცთან, რომელიც დროებითი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ბოლო სოფელია. სოფელ დიცისთვის, ეს მონაკვეთი ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზაა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა-განთავსება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსვე იგეგმება.

კვირის ამბები