საზოგადოება
02.06.2022 10:44
ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდა.  „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში 1-ელ ივნისს შევიდა, ნივთის ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მისი დაბრუნების ვადებსაც განსაზღვრავს. კანონის თანახმად,  მაღაზია ვალდებულია,  გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს.

ამასთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, სხვადასხვა მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს პროდუქციაზე  გასაყიდი ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა.

დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დააკისრებს ჯარიმას.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება უკვე დაიწყო. კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების, სხვადასხვა საოპერაციო საკითხების განხილვის მიზნით, სექტემბრიდან დაიწყება ბიზნეს სექტორთან და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრების რეჟიმი.

დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში კი, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა 2022 წლის პირველი ნოემბრიდან.

შეგახსენებთ, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება არის კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

კვირის ამბები