გორში გაუჩინარებული 16 წლის გოგონას ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. იმ საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც გოგონა ცხოვრობს, იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელს მალე დაადგენენ და მოზარდი სოციალურ სახლში დაბრუნდება. ხვიჩა პოსოშვილის განცხადებით, მოზარდს იმგვარი მდგომარეობა არ აქვს, რომ რაიმე ცუდი მოლოდინი არსებობდეს.
,,სხვა დროს არასდროს ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ საოჯახო სახლში დადგენილი წესები დაერღვია ან შინაგანაწესის მიხედვით განსაზღვრულ დროს შინ არ დაბრუნებულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები მალე დაადგენენ მის ადგილსამყოფელს და უვნებლად დაბრუნდება სახლში“, - განაცხადა საოჯახო სახლის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა.
გაუჩინარებული გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია, იგი 22 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს. 16 წლის მოზარდი გორში მოქმედ მცირე საოჯახო სახლში თითქმის ერთი წელია ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს მოზარდი არ გამოჩნდა, საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები დღეიდან დაიწყო.