საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა, რაშიც ყველაზე დიდი როლი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებს ეკისრებათ.
„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი.
ჩვენს მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიაყენა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე აქვთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან.
ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა, რაშიც ყველაზე დიდი როლი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებს ეკისრებათ. უდიდესია პედაგოგების წვლილი განათლებული თაობის აღზრდის საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველია.
მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ და ჩვენი პატარებისთვის უზრუნველვყოფთ ისეთ უსაფრთხო და ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ექნება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.