1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო თარიღია.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის 1-ელ ივნისს აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან.
1925 წლის 1-ელ ივნისს, სან-ფრანცისკოში, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ობოლი ჩინელი ბავშვები და მათთვის დუან-უცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი) მოაწყო. პარალელურად, ეს დღე დაემთხვა ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციას.
1949 წლის ნოემბერში, პარიზში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ იმსჯელა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე, რომელიც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 1950 წლის 1-ელ ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც, ეს დღე მსოფლიოში ყოველ წელს აღინიშნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.
გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო პატარებს გასართობ შოუ-პროგრამებს რამდენიმე ლოკაციაზე შესთავაზებს.
ღონისძიებები თეატრის სკვერში 12:00 საათიდან დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით;
მოეწყობა სამხატვრო სკოლის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა, მოეწყობა სახის მოხატვის კუთხე და ფოტოსურათების გადასაღები სივრცეები.
პატარების საზეიმო განწყობის შექმნაზე ასევე იზრუნებენ ბავშვთა გასართობი ცენტრების ანიმატორებიც.
ღონისძიებები დაგეგმილია სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და საბრძოლო დიდების მუზეუმებშიც. საბრძოლო დიდების მუზეუმში მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენაც.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პატარა მაყურებელს საბავშვო სპექტაკლს წარუდგენს. „კარლსონის“ ჩვენება 17:00 საათზეა ჩანიშნული.