საზოგადოება
26.12.2019 14:17
გორის ცენტრალურ მოედანზე ატრაქციონების ქალაქი მოეწყო

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, ატრაქციონების ქალაქი მოეწყო. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

„ნაძვის ხის გარშემო გაშენებული ატრაქციონების ქალაქი პატარებს 5 იანვრის ჩათვლით მოემსახურება. პარალელურად, 3 იანვრიდან, ტრადიციულად, კულტურის ცენტრი საახალწლო კონცერტებს უმასპინძლებს. წინა წლების მსგავსად, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, გათვალისწინებულია როგორც სასაჩუქრე პაკეტები, ასევე, ატრაქციონით ერთჯერადად სარგებლობის ვაუჩერები. რაც შეეხება მთავარ საახალწლო ღონისძიებას, 31 დეკემბერს, 21:00 საათზე, მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე დასახელდებიან მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ყველაზე საახალწლო“ - გამარჯვებულები. 00:00 საათზე - ფოიერვერკის მოწყობაა დაგეგმილი, შემდეგ კი, სცენაზე დიჯეი გამოჩნდება და შეკრებულებს ელექტრონულ მუსიკას შესთავაზებს“, - აღნიშნა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა.

კვირის ამბები