კონფლიქტები
31.05.2022 12:39
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხზე 17 ივლისისთვის დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი აღარ გაიმართება

ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების „განკარგულება“, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიიღო, მისმა შემცვლელმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გააუქმა.

,,განკარგულება“ რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებდა და თასრიღად 2022 წლის 17 ივლისი იყო დადგენილი.

გაგლოევის განცხადებით, ,,რეფერენდუმზე“ წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგები გაურკვეველია, ამასთანავე, გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები და,,რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. გაგლოევის განცხადებითვე, გაგრძელდება კონსულტაციები რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე.

აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ალან გაგლოევმა აღნიშნა, ,,სამხრეთ ოსეთს“ რეფერენდუმის ჩასატარებელი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

ცნობისთვის, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის აღნიშნულ განცხადებებამდე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხებში კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა მედიასთან აღნიშნა, რომ ცხინვალში პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა კი ცხინვალის ე.წ. ,,რეფერენდუმზე“ საუბარს თავი აარიდა.

კვირის ამბები